რეზიუმე: 15 აპრილს, ღამის საათებში გორში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გორის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, სავაჭრო დახლები დაშალეს. ამ ტერიტორიაზე COVID-19-ით ინფიცირების საფრთხის გამო, მოვაჭრეებმა საქმიანობა მარტის მეორე ნახევრიდან შეწყვიტეს, მათი სავაჭრო დახლების დემონტაჟი კი 16 აპრილს, კომენდანტის საათის დროს განხორციელდა.
გარევაჭრობა გორში ოფიციალურად 2018 წლის 8 მაისიდან აიკრძალა, თუმცა სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, პანდემიის გამოცხადებამდე, მოვაჭრეები საქმიანობას აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ. გარემოვაჭრეები აცხადებდნენ, რომ ვაჭრობის ნებართვა აგვისტომდე ჰქონდათ მიცემული, თუმცა ამის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს და ამ ვადის არსებობის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლებაც არაფერს ამბობს, მხოლოდ კანონზე მიუთითებს, რომელიც გარევაჭრობის აკრძალვას გულისხმობს. თუმცა ისიც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება უწყებამ სწორედ იმ პერიოდში მოინდომა, რა დროსაც ამის განხორციელებაში პროტესტის სხვადასხვა ფორმით ხელს ვერავინ შეუშლიდა. რადგან გორის მერიის მიერ სავაჭრო დახლების დემონტაჟი კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის და სიტყვიერი შეთანხმების გარდა (რასაც მერია არ ადასტურებს), გარევაჭრობის დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს, „ფაქტ-მეტრი“ განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
ანალიზი
სავაჭრო დახლების დემონტაჟის მეორე დღეს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ძლიერი გორი“ თავმჯდომარე ადგილზე მივიდა და მოვაჭრეებს გაესაუბრა. ენმ-ს წარმომადგენლის, ვასილისა ჯაბახიძის განცხადებით, ხელისუფლებამ შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა და პანდემიის გამო იძულებით მიტოვებული ადგილები მოვაჭრეებს კომენდანტის საათის პერიოდში დაუშალა.
„ამ ადამიანებს აგვისტომდე ჰქონდათ ვადა, რომ აქ უპრობლემოდ გააგრძელებდნენ საქმიანობას. გორში ,,ავტოსადგურის" მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები, რომლებიც იცავდნენ ყველა რეკომენდაციას, დილით ლუკმა-პურის ერთადერთი საშოვნელი ადგილები დამტვრეული დახვდათ. ეს ადამიანები დღეს ხელისუფლებამ აიძულა გარეთ გამოსულიყვნენ“, - აღნიშნა ვასილისა ჯაბახიძემ.
გორის მერიამ საკითხთან დაკავშირებით გამოხმაურება სოციალურ ქსელში გაავრცელა. განცხადების მიხედვით, უწყების შესაბამისმა სამსახურმა, გორის ცენტრალური ქუჩები გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ხელოვნური ნაგებობებისგან და კონსტრუქციებისგან გაათავისუფლა. მერიის ცნობით, დაწესებული სანქციების შესახებ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარემოვაჭრეები ქართლის, ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩებზე აკრძალულ საქმიანობას მაინც აგრძელებდნენ. „აღნიშნული ობიექტები, გარდა იმისა, რომ აუშნოებდა ქალაქის იერსახეს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეების ჯანმრთელობას. ქუჩები, სადაც ხელოვნური სავაჭრო ნაგებობა იყო განთავსებული, დღის განმავლობაში, ხალხმრავლობით გამოირჩეოდა და ინტენსიურად ირღვეოდა ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მომხდარს იმავე დღეს არასამთავრობო სექტორიც გამოეხმაურა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი მერიის ქმედებაში კანონდარღვევის ნიშნებს ვერ ხედავს, თუმცა ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ სავაჭრო დახლების დემონტაჟის შესახებ მათ მფლობელებს წინასწარ უნდა სცოდნოდათ.
„მათი საქმიანობის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე სწორია, მაგრამ აქ პრობლემა შეიძლება სხვა რამ იყოს. კერძოდ, დახლების დაშლისა და კონსტრუქციის წაღება რამდენად სწორად განხორციელდა, რაშიც იგულისხმება გაფრთხილებული იყვნენ თუ არა მერიის მხრიდან მოვაჭრეები, რომ თავად უზრუნველეყოთ მათი დაშლა და გატანა. თუ ეს არ მომხდარა, ამ შემთხვევაში ადგილი ექნება გარე მოვაჭრეთა უფლებების უხეშ უგულებელყოფას",- ამბობს ლექსო მერებაშვილი.
მოვაჭრეებსა და მერიას შორის დადებული შეთანხმების შესახებ მხარეები რაიმე ოფიციალურ დოკუმენტს არ ფლობენ. გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა 2 წლის წინ გააფრთხილეს. მოვაჭრეები კი აცხადებენ, რომ დახლების დემონტაჟის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მათთვის უცნობი იყო და საკუთარი უფლებების შელახვადაც სწორედ, ამ ფაქტს ასახელებენ.
როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დამატებითი შეზღუდვები გამოცხადდა. ეს ვადა ამჟამად 22 მაისამდეა გადატანილი. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით, კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს ეზღუდებათ.
გორელი მოვაჭრეების კუთვნილი სავაჭრო ადგილების დემონტაჟი სწორედ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, კომენდანტის საათის დროს განხორციელდა. რაც შეეხება გაფრთხილების ნაწილს, მერიას ამის შესახებ გასულ წელსაც ჰქონდა მითითება გაცემული, თუმცა მოვაჭრეები საქმიანობას თვითნებურად მაინც აგრძელებდნენ.
მერიის ქმედება კანონის ფარგლებს არ სცდება, ასევე გარევაჭრობის კანონით აკრძალვის ფონზე, ადგილობრივი ხელისუფლება მოვაჭრეებს საქმიანობის გასაგრძელებლად ალტერნატიულ ფართს სთავაზობს. თუმცა ისიც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება უწყებამ სწორედ იმ პერიოდში მოინდომა, რა დროსაც ამის განხორციელებაში პროტესტის სხვადასხვა ფორმით ხელს ვერავინ შეუშლიდა.აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.